თანამედროვე ტექნოლოგიები მეთევზეობაში

დღეს, სასურსათო უსაფრთხოება გლობალურ პრობლემად სახელდება და აგრო სექტორის ყველა მიმართულება სასურსათო უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია. ინტერესი ცილოვანი პროდუქტების წარმოების მიზნით სულ უფრო მატულობს, ამიტომ მეთევზოების ტექნოლოგიურ ჭრილში მიმოხილვა სიახლეს წარმოადგენს.

მეთევზეობა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მდგრადი მიმართულებები: აკვაკულტურა, შუალედური პროდუქტის წარმოება და პროცესში ტექნოლოგიური და ინოვაციური მეთოდების გამოყენება. მეთევზეობის განვითარებისთვის საჭიროა წყალქვეშა ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება. მიზნის მისაღწევად კი თევზების კვოტის იმპლემენტაციის, სელექციური მეთევზეობის მეთოდის გამოყენების, გადაჭარბებული თევზჭერის პრევენციისა და ნარჩენების შემცირების გათვალისწინება. ჩამოთვლილი შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში, მეთევზეობის დარგი დააბალანსებს თევზეულსა და ზღვის პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნას მომხმარებლებში და უზრუნველყოფს გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნებას.

ზუსტი მეთევზეობა: ზუსტი მეთევზეობა ტექნოლოგიების მხრივ განვითარებულ GPS სისტემებს იყენებს, ჰიდროლოკატორს, წყალქვეშა კამერებსა და ტოპოგრაფიულ ტექნოლოგიებს, რათა მეთევზეებმა შეძლონ თევზის ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა. აღნიშნული ინოვაციები მეთევზეს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს არამიზნობრივი თევზის დაჭერა, შეამციროს საწვავის მოხმარება და შედეგად ნაკლები ზეგავლენა იქონიოს გარემოზე. ასევე, ელექტრონული მონიტორინგის სისტემები მაქსიმალურად ითვალისწინებს მეთევზეობის დარგში არსებულ რეგულაციებს, რაც იცავს ზღვის მოწყვლად  სახეობებსა და ეკოსისტემას. 

მდგრადი მეთევზეობა: მდგრადი მეთევზეობის პრაქტიკა მიზნად ისახავს გარემოზე, ანუ ამ შემთხვევაში აკვაკულტურაზე, ნეგატიური ზეგავლენის შემცირებასა და ამავდროულად პროდუქტიულობის მაქსიმიზაციას. ამის ერთ-ერთი მაგალითია აკვაკულტურის სისტემების რეცირკულაცია (RAS). აღნიშნული გულისხმობს ჩაკეტილ ციკლურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს წყლის განმეორებით გამოყენებას, ნარჩენებისგან გაფილტვრასა და თევზების ზრდისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნას. მოცემული სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის გამოყენებას, ამცირებს დაავადებების გავრცელების სიხშირესა და ანტიბიოტიკების საჭიროებას. შედეგად მეთევზეობაში ყალიბდება უფრო მდგრადი  და ეკომეგობრული მიდგომა. 

თევზის ჯანმრთელობის მონიტორინგი: განვითარებული ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემა და IoT (Internet of Things) მოწყობილობები აქტიურად გამოიყენება თევზების რეალურ დროში ჯანმრთელობის, ზრდის და ქცევის ანალიზისთვის. აღნიშნული ტექნოლოგიები ფერმერებს ეხმარებათ, ადრეულ საფეხურზე დააიდენტიფიცირონ დაავადების ან სტრესის ნიშნები და შედეგად მიიღონ პრევენციული ზომები. რეალურ დროში მონიტორინგი ამავდროულად ეფექტიანს ხდის მეურნეობის მართვის პროცესს.

აკვაკვების ინოვაციები: ახალი და მდგრადი საკვების ფორმულაციების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შემცირებისთვის. ალტერნატიულ ცილების წყაროს, როგორიცა მწერები, წყალმცენარეები, მცენარეული ცილები,  შეუძლია ჩაანაცვლოს საკვები თევზი და თევზის ცხიმი. ამით მცირდება დატვირთვა გარეულ თევზთა პოპულაციაზე. აღნიშნული ინოვაციური მეთოდი აუმჯობესებს თევზის ჯანმრთელობას, ზრდის მაჩვენებელს და რაც მთავარია, საკვების შენახვისა და მართვის ეფექტურობას. 

რობოტიკა და ავტომატიზაცია: რობოტიკისა და ავტომატიზაციის ინტეგრირება მეთევზეობის დარგში პერსპექტიულია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელს უწყობს ეფექტიანობის, სიზუსტისა და უსაფრთხოების ზრდას. ავტონომიური წყალქვეშა  (Autonomous underwater vehicles – AUVs) და დისტანციური მართვის მანქანები (Remotely operated vehicles – ROVs) სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოიყენებოდეს, მათ შორის თევზის მეურნეობის მონიტორინგისთვის, ინსპექციისა და შენარჩუნებისთვის. ავტომატიზირებული კვების სისტემები ადგენს ოპტიმალურ კვების გეგმას, ამცირებს ნარჩენებს და უზრუნველყოფს აუცილებელი საკვების დოზის მიწოდებას.

ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება: AI და მანქანური სწავლების ტექნოლოგიები აანალიზებს დიდი რაოდენობით მონაცემს, რომლებიც გროვდება თევზსაშენი მეურნეობებიდან, მათ შორის წყლის ხარისხის, თევზის ქცევისა და ჯანმრთელობის შესახებ. მოცემული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ფერმერებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მეურნეობის მართვასთან დაკავშირებით, ოპტიმალურად აწარმოონ და გააუმჯობესონ ეფექტურობა. 

მიკვლევადობა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი: ციფრული პლატფორმები და ბლოქჩეინ ტექნოლოგია აუმჯობესებს მიკვლევადობასა და გამჭირვალობას, მათ შორის ზღვის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვშიც. აღნიშნული ტექნოლოგიები ამცირებს არალეგალურ, შეუტყობინებელ  და არარეგულირებად (illegal, unreported and unregulated – IUU) მეთევზეობას და  განსაზღვრავს ზღვის პროდუქტების მოპოვების წყაროს. გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი საბოლოოდ  აუმჯობესებს ხარისხის კონტროლს, ამცირებს ნარჩენებს შემცირებას და ზრდის მომხმარებელთა ნდობას პროდუქციის მიმართ. 

აკვაპონიკა და ინტეგრირებული მულტი-ტროფიკული აკვაკულტურა (IMTA): აკვაპონიკა და IMTA სისტემები აერთიანებს  ერთი მხრივ თევზსაშენ მეურნეობებს, მეორე მხრივ, კი მცენარეთა და სხვა აკვაორგანიზმების კულტივაციას, რაც მთლიანობაში ქმნის სიმბიოზურ გარემოს, სადაც ნარჩენები და ნუტრიენტები განიცდიან გადამუშავებას. აღნიშული სისტემები აუმჯობესებს ეფექტურობას, ამცირებს ნარჩენებსა და გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. 

გენომიკა და ბიოტექნოლოგია: გენომური კვლევები და გენური ინჟინერიის ტექნიკა ახალი და სასურველი ნიშან-თვისებების მქონე თევზის ჯიშების გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც ხასიათდებიან ზრდის მაჩვენებლით, დაავადებების მიმართ რეზისტენტულობითა და მდგრადობის მაჩვენებლით. გენომიკაში და ბიოტექნოლოგიაში არსებული მიღწევები იმოქმედებს აკვაკულტურაში ეფექტური და მდგრადი პრაქტიკების ფორმირებაზე და ამავდროულად, გარეული თევზების პოპულაციების დაცვაზე.