საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო

სამ წლიანი პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება კონსორციუმის მეშვეობით, რომელშიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (წამყვანი ორგანიზაცია), წარმოდგენილები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

პროექტის ზოგადი მიზნებია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის ევროკავშირის რეგულაციებთან თავსებადობის გაზრდა; მერძევეობისა და მეფუტკრეობის სექტორების ეფექტიანობის ამაღლება; სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება; სურსათისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა.

პროექტის სპეციფიკური მიზნები:

  • მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან;
  • დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში;
  • მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, ასევე მომხმარებლების უკეთ ინფორმირების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ყიდვის გაცნობიერებული  გადაწყვეტილების მიღება და გაზარდონ მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე.

პროექტის სამიზნე რეგიონები:

გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და კახეთი, ხოლო აქტივობები განხორციელდება მერძევეობისა და მეფუტკრეობის დარგში. 

პროექტის სამიზნე ჯგუფები:

სურსათის ბიზნესოპერატორები (ფერმერები (მეფუტკრეობისა და მერძევეობის ღირებულებათა ჯაჭვი), მწარმოებლები, მწარმოებელი ორგანიზაციები და კოოპერატივები, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები); მომხმარებლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები; მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფები; მედია; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს მთავრობა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები; სურსათის ეროვნული სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ადგილობრივი ხელისუფლება; პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაწესებულებები.