ძროხის ჯიშები და სახეობები

ძროხა (Bos Taurus)

ძროხა ძუძუმწოვართა კლასის, წყვილჩლიქიანთა რიგის, ღრუქალიანთა ოჯახისა და ხარისნაირთა ქვეოჯახის წარმომადგენელია. იგი მცოხნავი ცხოველია, აქვს 32 კბილი და ოთხსაკნიანი კუჭი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი). ფურის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 18-21 წელია, კუროსი კი – 15-20.

ძროხის ზრდა-განვითარება პირველი 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება, გვიანმწიფად ჯიშებში 6-7. სქესობრივი სიმწიფე საფურეებში 7-10 თვის ასაკში დგება, სახარეებში 8-10 თვის ასაკში. დეკეულები ფიზიოლოგიურად მწიფდებიან და მათი პირველადი დაგრილება ხდება 16-20 თვის ასაკში. მოზვრების ფიზიოლოგიური სიმწიფე კი დგება 15-18 თვის ასაკში.

ძროხა შეიძლება დამაკდეს და ხბო მოიგოს წლის ნებისმიერ თვეში, მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე (270-295 დღე). დეკეულის და ფურის  სქესობრივი აქტივობა ციკლურია, არამაკე ინდივიდები ხელახლა ხურდებიან 17-22 დღეში ერთხელ.

ძროხის ჯიშების დაყოფა, ძირითადად ხდება თავის ქალის ფორმის და პროდუქტიულობის მიხედვით.  თავის ქალის მიხედვით იყოფა 6 ჯგუფად: ვიწროშუბლიანი; ფართოშუბლიანი; მოკლერქიანი; სწორრქიანი; ურქო; მოკლეთავიანი. პროდუქტიულობის მიხედვით  კლასიფიკაცია შემდეგნაირია: სარძეო; სახორცე; კომბინირებული(სარძეო-სახორცე ან სახორცე-სარძეო).

მერძეული მიმართულების ტიპის ჯიშები:

ჰოლშტეინ ფრიზი (Holstein Friesian)

ჯიში გამოყვანილია აშშ-სა და კანადაში, ჰოლანდიიდან შეყვანილი შავ-ჭრელის ხალას ჯიშიანი მოშენებით. ლაქტაციის პერიოდში (305 დღე) ფურიდან საშუალოდ მიიღება 11500 კგ რძე,3.6%- 3,8% ცხიმით და დაახლოებით 3.2% პროტეინით. ზრდასრული ფურის ცოცხალი მასა 600-650 კგ-ს შეადგენს, ბუღის მასა 850-1000 კგ-ა, ახალშობილის ცოცხალი მასა კი 35-45 კგ. სიმაღლე მინდაოში 155-165 სმ-ა.

ჯერსი (Jersey)

ჯიში გამოყვანილია ბრიტანეთში, კუნძულ ჯერსიზე, აქედან გამომდინარე დაერქვა ჯიშს ეს სახელიც. იგი სარძეო ჯიშებში ერთ-ერთი ყველაზე პატარატანიანია. ლაქტაციის ხანგრზლივობა 305 დღეა, სასუალო მონაწველი 5700 კგ-ა, საშუალოდ ცხიმის შემცველობა 5.5-5.8%-მდეა, პროტეინის 3.6-3.9%-ი. ფურების ცოცხალი მასა 400-500 კგ-ა, ბუღების 550-850 კგ, ახალშობილების ცოცხალი მასა კი 20-25კგ.

სტეპის (ველის) წითელი ჯიში (Red Steppe)

ეს ჯიში ჩამოყალიბდა უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონში ანგელნური, ნაცარა უკრაინულისა და ველიკორუსულის შეჯვარებით, მწირი კვებისა და მკაცრი კლიმატის პირობებში. საშუალო მონაწველი 2500-3000 კგ-ა, 3.7% ცხიმითა და 3.3% ცილით. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 450-520 კგ-ს, კურო მწარმოებელი 650-800 კგ-ს, ხოლო ახალშობილი ხბოს 25-30 კგ-ს წარმოადგენს. სიმაღლე მინდაოში 135-140 სმ-ა.

მეხორცული მიმართულების ტიპის ჯიშები:

აბერდინ ანგუსი (Aberdeen Angus)

მიეკუთვნება მეხორცულ ჯიშს. ჯიში გამოყვანილია შოტლანდიაში, სახელიც სწორედ ადგილწარმოშობიდან მომდინარეობს. დამახასიათებელი შეფერილობაა შავი ან წითელი, ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა შეადგენს 550-600 კგ, ბუღების კი 850-900 კგ. ტანხორცის გამოსავალი შეადგენს 60-65%-ს.

ლიმუზინი (Limousin)

მეხორცული ჯიშის საქონელია, რომელიც საფრანგეთში გამოიყვანეს და ხასიათდება წითელი შეფერილობით. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 650 კგ-ა, ბუღების კი 1000-1300. ტან-ხორცის გამოსავალი ხასიათდება 67%-ით.

ჰერეფორდი (Hereford)

ეს ჯიშიც მეხორცული ჯიშისაა, იგი გამოიყვანეს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ-ა, ხოლო ბუღების 850-1000, ტან-ხორცის გამოსავალი 60-63%-ია.

კომბინირებული მიმართულების ტიპის ჯიშები:

შვიცი (Brown Swiss)

ეს ჯიში მიეკუთვნება მერძეულ-მეხორცულ ჯიშს. შვიცი ჩამოყალიბებულია შვეიცარიაში, შვიცის კანტონში. ეს ჯიში სხვა ჯიშებთან შედარებით საკმაოდ ლაბილურია, რითიც აიხსნება მისი გავრცელება როგორც ტროპიკულ, ისე ცივი კლიმატის ქვვეყნებში. ლაქტაციის პერიოდში (305 დღე) საშუალოდ ფურიდან მიიღება 11000 კგ რძე, 4% ცხიმითა და 3.9% პროტეინით. ფურცების ცოცხალი მასა 550-650 კგ-ა, ბუღების -750-850კგ, ახალშობილის მასა კი 30-40 კგ-ა. სიმაღლე მინდაოში 140-160 სმ. ტან-ხორცის გამოსავალი 55-60%-მდეა.

სიმენტალი (Simmental)

ეს ჯიში მიეკუთვნება მერძეულ-მეხორცულ ჯიშს, რომელიც ჩამოყალიბდა შვეიცარიაში. ძირითადი შეფერილობა თაფლა ჭრელია (თაფლა-თეთრი). ლაქტაციის ხანგრძლივობა 305 დღეა, მონაწველის რაოდენობა 4000-დან 7000 კგ-მდე ვარირებს. რძეში ცხიმიანობა 3.9-4.1%-ა, ხოლო პროტეინის შემცველობა 3.3-3.5%. ფურების ცოცხალი მასა 550-620 კგ-ა, ბუღების 850-1000, ახალშობილის წონა კი 38-45 კგ-ა.გამოირჩევა საუკეთესო სახორცე თვისებებით, საკლავი გამოსავალი 55-60%-ა.

ადგილობრივი ჯიშის ძროხები:

ქართული მთის ძროხა

ეს ჯიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჯიშია და მსოფლიოში ჯუჯა ტანის ძროხის 18 ჯიშს შორისაა. საშუალოდ იწონის 180-200 კილოგრამს და ლაქტაციის პერიოდში მონაწველი 900-დან 1200 კგ-მდეა. რძეში ცხიმის შემცველობა 4.1-4.3%-ია. თუმცა გაუმჯობესებული მოვლა-შენახვის პირობებში მონაწველმა შესაძლოა 30000 კილოგრამამდეც მიაღწიოს.

მეგრული წითელი

ეს ჯიში კარგად არის შეგუებული მომთაბარეობას, ფურების ცოცხალი მასა 280-350 კგ-ა, კუროების 400-450 კგ, ახალშობილი ხბოები 16-18 კგ. კარგი მოვლა-შენახვის პირობებში მისი მონაწველი ხასიათდება მაღალცხიმიანობით 4.4-4.5%-ით, საშუალო მონაწველი კი 2500 კგ-მდეა. საკლავი გამოსავალი 53%-მდეა. მეჯოგეებიდან ყველაზე კარგი სულები ძმებ კვარაცხელიებს ჰყავდათ და ამიტომ ხშირად მას კვარაცხელიას ჯიშსაც უწოდებენ.

კავკასიური წაბლა

ეს ჯიში გამოყვანილია ადგიობრივი შვიცური და მის მონათესავე ჯიშებთან შეჯვარებით. ხასიათდება დიდი ტანით და კარგი სახორცე თვისებებით, რაც შვიცური ჯიშისგან მიიღო მემკვიდრეობით. ზრდასრული ფურის წონა 400-450 კგ-ა, მონაწველის სტანდარტია 2 000- 2 800 კგ-ა, 3.7% ცხიმიანობით და 3.3% ცილით. საკლავი განმოსავალი 59%-მდეა.

გამოყენებული წყაროები:

jerseycattlesociety.uk

afs.okstate.edu

srca.gov.ge

agroface.ge

blog.agronavt.ge

agrojournal.org