ნიადაგის წარმოქმნა და განვითარება ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ შორისაა, დედაქანი, კლიმატი, რელიეფი და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. ნიადაგის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს ნიადაგსა და მასზე განვითარებულ მცენარეებს შორის ნივთიერებათა უწყვეტი ცვლა. მცენარე ნიადაგიდან ითვისებს მისთვის აუცილებელ მინერალურ ელემენტებს, ხოლო სიცოცხლის ციკლის დასრულების შემდეგ ამავე ელემენტებს ნიადაგს უბრუნებს ორგანული ნარჩენების სახით: ფესვების, ღეროების, ფოთლებისა და სხვა ბიომასის მეშვეობით. ეს ორგანული მასა სხვადასხვა ორგანიზმის მონაწილეობით იშლება და გარდაიქმნება წყალში ხსნად მინერალურ მარილებად და ორგანულ ნივთიერებებად. მიღებული ნივთიერებები კვლავ ხელმისაწვდომი ხდება მცენარეებისთვის და გამოიყენება მათი ზრდისა და განვითარებისთვის. ნიადაგსა და მცენარეულ საფარს შორის ურთიერთქმედებას ნივთიერებათა ბიოლოგიურ წრებრუნვას უწოდებენ.
ტენიანი ტორფიანი ნიადაგები წარმოადგენენ ნახშირორჟანგის იდეალურ საცავებს (ბუნებრივ საწყობებს), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჭაობიან ადგილებს.
ნიადაგის სტრუქტურის ცვლილება მჭიდროდ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომლის მთავარი მიზეზი არის ნახშირორჟანგის (CO2) მომატებული რაოდენობა ჰაერში, ჯანსაღი ნიადაგი კი ინახავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და შედეგად ათავისუფლებს ატმოსფეროს მისი ზედმეტი რაოდენობისგან. ნიადაგში ჰუმუსის კარგი შემცველობა უზრუნველყოფს მეტი რაოდენობის ნახშირორჟანგის დაგროვებას, ამას ხელს უწყობს თანამედროვე მდგრადი კულტივირების მიდგომები და მეთოდები, რომელიც ამცირებენ ნიადაგის დამუშავების ინტენსივობას სოფლის მეურნეობაში (REC Caucasus, 2017). კლიმატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიადაგის ფორმირების პროცესებში, რადგან იგი განსაზღვრავს ნიადაგში ტენისა და სითბოს მიწოდების რეჟიმს. ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს მცენარეულობის ტიპზე და ნიადაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების აქტივობაზე. ამასთან, კლიმატი მოქმედებს ნიადაგში მიმდინარე ქიმიურ თუ ფიზიკურ პროცესებზე. სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ნიადაგწარმოქმნის პროცესები განსხვავებული ინტენსივობით და ფორმით მიმდინარეობს, რის შედეგადაც ყალიბდება თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ნიადაგის ტიპები.
ნიადაგის დეგრადაციას ხშირად იწვევს ეროზია, რომელიც გამოწვეულია ძლიერი წვიმებისა და ქარის ზემოქმედებით. ზედმეტად და არასწორად გამოყენებული ქიმიური სასუქები და პესტიციდები ამცირებს ნიადაგში ბიოლოგიურ აქტივობას და აზიანებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ასევე, ნიადაგის ხშირი და უწყვეტი დამუშავება ან ერთსა და იმავე კულტურის მუდმივი დათესვა იწვევს ნიადაგის სტრუქტურის
დარღვევას და მისი ნაყოფიერების თანდათან შემცირებას (REC Caucasus, 2017).

არსებობს გარკვეული მიდგომები, რომელიც ნიადაგის დეგრადაციის შესამცირებლად გამოიყენება:
- მინიმალური ან ნულოვანი დამუშავება (No-till / Low-till)
მინიმალური დამუშავება გულისხმობს ნიადაგის რაც შეიძლება ნაკლებად შეხებას, რაც ხელს უწყობს მისი ბუნებრივი სტრუქტურის შენარჩუნებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ქარისა და წყლისმიერ ეროზიას. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია მრავალწლოვანი კულტურების, სიმინდის, პარკოსნებისა და საკვები ბალახების წარმოებაში. საქართველოს პირობებში No-till ან Low-till პრაქტიკის დანერგვა ეტაპობრივად არის რეკომენდებული, რადგან ქვეყნის ბევრ რეგიონში ნიადაგები მძიმე მექანიკური შემადგენლობისაა (თიხისა და ლამის მაღალი შემცველობით), რაც სათესად არაოპტიმალური პირობების დროს მნიშვნელოვნად ართულებს ტექნიკის ეფექტიან მუშაობას. ასეთ ნიადაგებზე, განსაკუთრებით არასაკმარისი ტენიანობის პირობებში, თესვის პროცესი რთულდება და იზრდება თესლის დაზიანების რისკი. შესაბამისად, ამ პრაქტიკის დანერგვისას აუცილებელია ნიადაგის მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და აგროტექნიკური ვადების მკაცრი გათვალისწინება. თუმცა, სწორი დაგეგმვისა და კულტურების მონაცვლეობით დათესვის პირობებში, ეს მეთოდი ფერმერს საშუალებას აძლევს შეამციროს საწარმოო ხარჯები და გააუმჯობესოს ნიადაგის გრძელვადიანი ნაყოფიერება.
- ორგანული ნივთიერება და კომპოსტი
ორგანული ნივთიერება ნიადაგისთვის ისევე აუცილებელია, როგორც საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის – იგი ნიადაგის „საკვებს“ წარმოადგენს. მცენარეული ნარჩენები, ნაკელი და სხვა ორგანული მასალა აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ზრდის მის სიცოცხლისუნარიანობას. კომპოსტის დამზადება შესაძლებელია როგორც საოჯახო პირობებში, ისე ფერმის მასშტაბით, მცენარეული ნარჩენების, ბოსტნეულის ნარჩენებისა და ნაკელის გამოყენებით. კომპოსტის რეგულარული შეტანა ნიადაგში აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს, ამდიდრებს მას სასარგებლო მიკროორგანიზმებით და ამცირებს ქიმიური სასუქების საჭიროებას.
- როტაციული ძოვება ან თესლბრუნვა
როტაციული ძოვება გულისხმობს ცხოველების საძოვარზე ნაკვეთმონაცვლეობით გადანაწილებას, რაც იცავს ნიადაგს გადაძოვებისგან და ხელს უწყობს ბალახოვანი საფარის აღდგენას. ეს პრაქტიკა ქმნის ბალანსირებულ ნიადაგს და ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
საძოვარზე ცხოველების ძოვის მონაცვლეობით გადანაწილება და მათი კონცენტრაცია უზრუნველყოფს გადაძოვების პრევენციას, ნიადაგის დაცვას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. პრაქტიკულია ფერმერებისთვის დაყონ საძოვარი ზონებად, დაგეგმონ ძოვების გრაფიკი და ფართობის მიხედვით საქონლის რაოდენობა, ამგვარად ნიადაგს აღდგენის საშუალება იქნება, რომელიც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. შედეგად, ფერმერი იღებს უფრო გამძლე საძოვრებს, უკეთეს საკვებ ბაზას და ჯანმრთელ ნიადაგს. პრინციპი იგივეა თესლბრუნვის შემთხვევაში. მონაცვლეობით დაითესოს კონკრეტულ მონაკვეთებზე სხვადასხვა კულტურა
- მულჩირება
აღნიშნული მიდგომა გულისხმობს ნიადაგის დაფარვას ბალახოვანი ან მცენარეული საფარით, ასევე მულჩირების გამოყენებას რაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია ნიადაგის დასაცავად. ეს პრაქტიკა ამცირებს ტენის აორთქლებას, იცავს ნიადაგს ქარისა და წვიმისგან გამოწვეული ეროზიისგან და ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნებას.
- კომპოსტირება
მცენარეული და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ინტეგრირებული გამოყენება ფერმაში საშუალებას იძლევა ნარჩენები გადაიქცეს ღირებულ რესურსად. ბოსტნეულის, მოსავლისა და საძოვრის ბალახის ნარჩენების ნიადაგში შეტანა ან კომპოსტირება ზრდის ორგანული ნივთიერების რაოდენობას და აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას ბუნებრივი გზით.
ნიადაგისა და მცენარეული საფარის მონიტორინგი დღეს უკვე შესაძლებელია დისტანციური ზონდირების საშუალებებით, სატელიტური მონაცემების გამოყენებით, დრონებით, აგრომეტეოროლოგიური სადგურებითა და სენსორებით. ნიადაგის წყლისმიერი ეროზიისგან დაცვა შესაძლებელია გადაძოვების თავიდან აცილებით, ნიადაგის ზედაპირის მცენარეებით მუდმივი დაფარვით. ამ მიდგომებთან ერთად ქარისმიერი ეროზიისგან დაცვისთვის ქარსაფარი ზოლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ნიადაგის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად -აუცილებელია მისი რეგულარული ტესტირება. ნიადაგის pH-ის და ორგანული ნივთიერების შემცველობის ცოდნა ფერმერს საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმოს სასუქების გამოყენება, თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯი და უზრუნველყოს მცენარეებისთვის საჭირო საკვები ელემენტების ოპტიმალური მიწოდება.
ჯანსაღი ნიადაგი ნიშნავს სტაბილურ მოსავალს, რაც მდგრადი ფერმერობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
ბლოგის ავტორები: ნინო ჯიბუტი & ილია კუნჭულია
