ნიადაგის ჯანმრთელობა – მდგრადი ფერმერობის საფუძველი

ნიადაგი დინამიური სისტემაა და მრავალი განახლებადი რესურსის წყაროა. ის ეკოსისტემებისთვის ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ნიადაგი საჭიროა სურსათის, ცხოველთა საკვების, ბოჭკოვანი, ზეთოვანი, ენერგეტიკული და სხვა სასარგებლო მცენარეების მოსაყვანად, ასევე, მცენარეები (ხეები, ბუჩები თუ სხვა) დამოკიდებულია ნიადაგში შემავალ საკვებ ნივთიერებებსა და წყალზე. ნიადაგი ბევრი ცხოველისა თუ ორგანიზმის ჰაბიტატია, შეიძლება ითქვას, რომ ბიომრავალფეროვნების ნახევარზე მეტი ნიადაგში გვხვდება. მსოფლიო მოსახლეობის ზრდა განახლებადი რესურსების გონივრულად გამოყენებას მოითხოვს.

ნიადაგი სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი საწარმოო საშუალებაა, რომლითაც მცენარეები წყლითა და მასში გახსნილი მინერალებით თუ სხვადასხვა საკვები ელემენტებით მარაგდება. 1994 წლის 12 მაისის საქართველოს კანონის „ნიადაგის დაცვის შესახებ“,  მუხლი 11, განმარტავს, რომ დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით არის ნიადაგი. 2003 წლის გამოცემული საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“, კი განმარტავს, რომ ნიადაგი დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენაა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია. მდგრადი პრაქტიკებისა თუ მიდგომების გამოყენება ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Dry cracked ground and fertile soil, banner design

ევროკომისიის მიერ მომზადებული უდაბნოების მსოფლიო ატლასის მონაცემებით, დედამიწის მიწის ფართობის 80 პროცენტზე მეტი უკვე დეგრადაციის პროცესშია, ხოლო პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 90 პროცენტს მიუახლოვდეს. ამ გლობალურ გამოწვევაზე საპასუხოდ, 1994 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში დამტკიცდა გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია (UNCCD), რომლის საფუძველზეც 122 ქვეყანამ აიღო ვალდებულება, მათ შორის საქართველომ, იმუშაოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური  ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიმართულებით. ნიადაგის დეგრადაციას ხელს უწყობს როგორც ბუნებრივი ფაქტორები, როგორებიცაა რელიეფის თავისებურებები, კლიმატური პირობები, მცენარეული საფარის სიმცირე და ნიადაგის შემადგენლობა, ისე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ფაქტორები, მათ შორის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ეროზია, ნიადაგის დაბინძურება, მეორეული დაჭაობება და დამლაშება. ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასარგებლო წიაღისეულისა და სამშენებლო მასალების ღია წესით მოპოვება, არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები და საძოვრების არასწორი მართვა.

საქართველოში ზოგადად ნიადაგის დაცვა ერთიანი სპეციალური კანონის გარეშე რეგულირდება და ეფუძნება რამდენიმე საკვანძო სამართლებრივ აქტს. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სიმდიდრეს და ავალდებულებს სახელმწიფოს მათ დაცვასა და გონივრულ გამოყენებას. ამის და მიუხედავად, საქართველოში ნიადაგის ხარისხი ეტაპობრივად უარესდება. ნიადაგის დაცვა დეტალურად არის გათვალისწინებული საქართველოს კანონში „გარემოს დაცვის შესახებ (1997)“, რომელიც მოიცავს მიწის დაბინძურებისა და დეგრადაციის პრევენციას, ასევე მდგრადი გამოყენების პრინციპებს. მიწის კოდექსი კი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივ გამოყენებას და მიწის მესაკუთრის პასუხისმგებლობას ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაზე, ხოლო კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ (1994)“ აქცენტს აკეთებს ნიადაგის ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე. ამ ჩარჩოს ავსებს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ (1998)“, რომელიც ზღუდავს ქიმიური ნივთიერებების არასწორ გამოყენებას და იცავს ნიადაგს დაბინძურებისგან, ასევე „გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი (2017)“, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გარკვეული საქმიანობები წინასწარ შეფასდეს ნიადაგზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების კუთხით. აღნიშნული მრავალრიცხოვანი საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, ნიადაგის დეგრადაცია საქართველოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მოსავლიანობას საგრძნობლად აყენებს ზიანს.  პრობლემა გაცილებით კომპლექსურია, რადგან ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს თუ რატომ ხდება ნიადაგის დეგრადაცია საქართველოში:

პასუხისმგებელი ორგანოს არაეფექტიანი მუშაობა 

საქართველოში არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომლის პირდაპირი მოვალეობაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია, ნიადაგის სისტემური კონტროლი და ნაყოფიერებას დაცვა; ასევე, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების მიმართულებით ღონისძიებების კოორდინაცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროგრესი ნაკლებად შესამჩნევია მიწის მდგრადი მართვის კუთხით.

მიწის საკუთრების გაურკვეველი პასუხისმგებლობა

საქართველოს მიწების უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 2/3 (მსოფლიო ბანკი, 2022), რაც რეალურად ნიშნავს, რომ მასზე ზრუნვა არ ხდება.

სოფლის მეურნეობიდან მიწათმფლობელობაზე გადასვლა

დარჩენილი რეგისტრირებული 1/3 მიწების მფლობელთა დიდი ნაწილი აღარ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში (ურბანიზაცია, სხვა სექტორში გადასვლა, ემიგრაცია), რის შედეგადაც მიწები ან მიტოვებულია, ან გამოიყენება სხვების მიერ დროებითი სარგებლისთვის.

მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული მიწათმფლობელები

ხშირად, სხვის მიწებს ამუშავებენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ სეზონზე ფიქრობენ და არ დებენ გრძელვადიან ინვესტიციებს, როგორიცაა: ნიადაგის გაუმჯობესება ორგანული ნივთიერებებით, სწორი აგროტექნიკური დამუშავება, სარწყავი სისტემების მოწყობა, თესლბრუნვა და საფარი კულტურების ჩართვა საწარმოო გეგმებში, მიწის დაცვა და შეღობვა.

ნიადაგის დატვირთვა შენობა-ნაგებობებითა და ინფრასტრუქტურით

ქვეყნის მიწის ფონდის მხოლოდ დაახლოებით 11% არის სწორი სახნავ-სათესი მიწები, თუმცა გზები, შენობები და ქალაქები სწორედ ამ ნაყოფიერ ტერიტორიებზე შენდება, განსაკუთრებით თბილისისა და სხვა ურბანული/ლოგისტიკური ცენტრების გარშემო.

ნაყოფიერი მიწების შეუქცევადი დაკარგვა

ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანიზაცია იწვევს იმ მიწების დაკარგვას, რომლებიც რეალურად სურსათის წარმოებისთვის ყველაზე ღირებულია.

კანონში ნიადაგის დაცვის შესახებ ვკითხულობთ,  ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან საქართველოში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის, მათ შორის მწირი, მლაშე, დაჭაობებული, ბიცობი, მჟავე და ძლიერ დატენიანებული ნიადაგების სწორი და რაციონალური გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია. როგორც სხვა ბევრი მიმართულებით, კანონის პრაქტიკაში გადმოტანა და მისი აღსრულება, ამ მიმართულებითაც პრობლემას წარმოადგენს. რის შედეგადაც ვიღებთ ფერმერის ძალისხმევისა და ფინანსების ინვესტირების მიუხედავად დაბალმოსავლიან ნიადაგს.

ბლოგის ავტორები : ნინო ჯიბუტი & ილია კუნჭულია